ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის თქმით, ომბუდსმენი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
წერეთელი ამბობს, რომ სახალხო დამცველის მიმართვა დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით უპრეცედენტოა.
"სახალხო დამცველი ძალიან სერიოზულ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელ ამ პროცესში, რაც ეხება საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსაკუთრებით ბოლო აქტი, კომპეტენტური ექიმებით დაკომპლექტებული კონსილიუმის შექმნა და ახლა მეორე ნაბიჯიც, რაც ასევე არის უპრეცენდენტო, როდესაც მან მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რომ მესამე მხარედ ჩაერთოს პროცესში, რაც უდავოდ იქნება ძალიან საინტერესო პრეცედენტიც და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროც, რათა სამართლიანი, ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს სასამართლოს", - ამბობს წერეთელი.
სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, მესამე მხარედ ჩართოს დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საშუალება მიეცემათ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.
სახალხო დამცველის თქმით, პირველი შემთხვევაა, როცა მათი აპარატი ECHR-ს მსგავსი თხოვნით მიმართავს.
ამასთან, ომბუდსმენმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს.
კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს.