ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის თქმით, ის, რომ საქართველო ევროკავშირის დახმარებას ვერ იღებს, ქართული ოცნების ხელისუფლების დამსახურებაა, ქვეყნისთვის კი - ნაბიჯია სანქციებისკენ.
"ქვეყანა ვალებში იხრჩობა, ძალიან კარგად ვიცით კატასტროფული ვალებია აღებული და ახლა თითქოს დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ამ დახმარებაზე, ამას ვინ დაიჯერებს, ეს არის ზღაპარი და არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ და უთხრან: "ნახეთ რა მაგრები ვართ, არ ვეპუებით ევროკავშირს". სამწუხაროდ, ქვეყნისთვის ეს არის ნაბიჯი სანქციისკენ. ის, რომ ვერ იღებს ქვეყანა დახმარებას, ეს გარკვეულწილად არის სანქციის ფორმა და ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, თუ მას რეალურად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია", - ამბობს წერეთელი.
ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართულმა ოცნებამ ახალი მესიჯბოქსი მოიფიქრა.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება "თავს იკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ 23 აგვისტოს, ტვიტერზე დაპოსტა.
30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი".
ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო, მეორე ნაწილის გადმორიცხვა კი 2021 წლის ბოლოს უნდა მოხდეს.
23 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.
"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით".- თქვა შარლ მიშელმა.