წერილი, რომელსაც გიორგი რურუას ადვოკატი ცილისმწამებლურს უწოდებს, კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. ამ გზავნილით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპელ კოლეგებს მიანიშნებს, რომ გიორგი რურუა არა პოლიტპატიმარი, არამედ უმძიმეს დანაშაულებში მხილებული დამნაშავეა. ამ პოზიციას „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 90 წლების გახმაურებული საქმეების მოშველიებით ამყარებს და მეტი დამაჯერობლობისთვის სიტყვა - საზარელ დანაშაულს იყენებს.
წერილის თანახმად, რურუას ბრალად ედება 1993-94 წლებში ჩადენილ რამდენიმე საზარელ დანაშაულში, რომლებიც შემდგომ გამოძიებას ექვემდებარებოდა შეერთებული შტატებიდან მისი დეპორტაციის შემდეგ. რურუას წინააღმდეგ ბრალდებებს შორისაა ოჯახებიდან ხალხის გატაცება, მათ შორის საქართველოს პარლამენტის შენობიდან თორნიკე აფაქიძის გატაცება და გამოსასყიდის სახით 300 000 დოლარის მოთხოვნა. ასევე ალექსანდრე ბალიაშვილის, ბესიკ მურაშვილის, ზურაბ მარუაშვილისა და გელა ქაფიაშვილის მკვლელობები.
კახა კუჭავას გზავნილი ევროპარალემენტარებს - გიორგი რურუას ადვოკატებმა პროცესის დაწყებამდე გასააჯაროვეს და გზავნილის საპირწონედ უფლება დამცველებმა გამოძიების მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტი წარმოადგინეს - ამონაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი რურუა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არასდროს მიცემულა.
წერილზე საუბრით დაიწყო განცხადება დღევანდელ პროცესზე გიორგი რურუამაც. „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მოსამართლეს მიუთითა, რომ ისიც და სასამართლოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ზეწოლის მსხვერპლი არიან.
წერილის ავტორი კი თავის მართლების რეჟიმში იყო. პარლამენტის თავმჯდომარეს მოადგილეც და ყველა მისი თანაგუნდელი ამტკიცებდნენ, რომ წერილი არაოფიციალური დოკუმენტია და ამ ფორმით მათ ევროპელ დეპუტატებს უხსნიან - ვინ არის გიორგი რურუა.
„ქართული ოცნების“ განცხადებები არ უკვირთ ოპოზიციაში. ოპონენტები მმართველ გუნდს სტრატეგიული პარტნიორების მოტყუების მცდელობაში დაადანაშაულეს და ელჩების შუამავლობით მიღწეული - 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება მოსთხოვეს.
ოპოზიციას და მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ დღეს გიორგი რურუამაც მოუწოდა, რომელიც დღევანდელი პროცესის შემდეგაც პატიმრობაში დარჩა. გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ დაკავებული ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მძევალია და თანამებრძოლებს საკნიდან უთვლის რომ 29 ივნისს პარლამენტში მივიდნენ და საარჩევნო რეფორმის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.