logo
ENG



წითელი ჯვარი პატიმრებს 20-წუთიან უფასო სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს

22 აპრ 202016:08
3 წუთის საკითხავი
 
3t5yx7sbp89xbdt.jpg

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი პატიმრებს 20-წუთიან უფასო სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„22 აპრილს სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და შპს "ო ენდ ემ ჯგუფს" (პენიტენციური სისტემისთვის სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია) შორის. ხელშეკრულების თანახმად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან 30 000 ლარის შემოწირულობა გადაეცემა შპს "ო ენდ ემ ჯგუფს" იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს (ვისაც მოქმედი კანონმდებლობით არ აქვს დაკისრებული სატელეფონო ზარებზე შეზღუდვა) უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდეთ. მოცემული შემოწირულობა თითოეულ პატიმარს 20-წუთიანი უფასო სატელეფონო კომუნიკაციის (ადგილობრივ ზარებზე და მობილურ ოპერატორებთან დასაკავშირებლად) საშუალებას მისცემს. მოცემულ სასაუბრო დროს ბრალდებულ/მსჯავრდებულები მათი შეხედულებისამებრ გამოიყენებენ.

როგორც დოკუმენტის ხელმოწერისას აღინიშნა, ამ სატელეფონო სასაუბრო დროის დაფინანსებით ნაწილობრივ მაინც მოხდება გარესამყაროსთან კომუნიკაციის დეფიციტის კომპენსირება, რაც ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით პაემნების აკრძალვამ შეუქმნა პატიმრებს.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და შპს "ო ენდ ემ ჯგუფს" შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოცემულ უფასო სასაუბრო დროს ემატება ასევე ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებულისთვის (ვისაც მოქმედი კანონმდებლობით არ აქვს დაკისრებული სატელეფონო ზარებზე შეზღუდვა) 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო, რომელიც პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ყოველთვიურად საჩუქრად გადაეცემათ პატიმრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა