logo
ENG



წითლიძე: გამოხატვის ასეთი ფორმა არასწორია, როცა პარტიაში არჩევნების შესახებ დისკუსია ღია იყო

09 ნოე 202212:39
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ არ იცოდნენ თანაპარტიელების ბრიფინგის შესახებ და პარტიის შიდა საქმეებზე ამ ფორმით საუბარს არ მიესალმება. ამავე დროს იგი აღნიშნავს, რომ ყველა ამ საკითხზე პარტიის შიგნით განხილვები ჰქონდათ, მათ შორის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

"არ ვიცოდით ნამდვილად და ასეთ ფორმას, საჯაროდ გამოხატვის პარტიის შიდა საქმეებზე, ნამდვილად ვერ დავეთანხმები და ვთვლი, რომ ეს არის არასწორი მაშინ, როდესაც პარტიაში დისკუსია არჩევნებთან დაკავშირებით იყო გახსნილი და ჩვენ რამდენიმე თვეა ამაზე ვმსჯელობთ. დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო შეხვედრა. შესაბამისად, რა არგუმენტი აქვთ ამასთან დაკავშირებით [არ ვიცი], მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ფორმა აირჩიეს. თუმცა ეს იქნება პროცესი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას და გამოიყვანს გამარჯვებულს", - თქვა წითლიძემ.

მისივე თქმით, პარტიის აღნიშნულ წევრებს ჰქონდათ საშუალება, რომ შიდა დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა:

"არჩევნებთან დაკავშირებით, მთავარი ინიციატორი იყო ნიკა მელია და მაშინ პოზიცია გვქონდა, რომ მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე და ყოველდღიურად მძიმდება, რამდენად სწორი იქნებოდა ამ დროს არჩევნების ჩატარება. ამიტომაც ვითვალისწინებდით ამ ფონს".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს. 

ენმ-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ირაკლი ნადირაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტია "ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი იყოს", რადგან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, საქართველოს გათავისუფლების, ოლიგარქი ივანიშვილის დამარცხების მთავარი ინსტრუმენტი ძლიერი ნაციონალური მოძრაობაა, "რომელიც ყოველთვის ოპოზიციის ფლაგმანი იყო". 


close დახურვა