logo
ENG



წითლიძე: ძველი ბიჭები იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე და ცდილობენ ამორმჩეველზე ზემოქმედებას

30 ოქტ 202111:36
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში, ენმ-ს ოფისის ხელმძღვანელი ანი წითლიძე ამბობს, რომ ქალაქში არცერთ უბანზე დაცული არ არის 100 მეტრიანი დისტანცია და უბნებზე ე.წ. ძველი ბიჭები და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ამომრჩეველზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ.

წითლიძის თქმით, ამის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ.

"ქალაქის არცერთ უბანზე არ არის დაცული 100 მეტრიანი დისტანცია და მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა პოლიცია არ აკეთებს არაფერს. ადამიანები ნარკოტიკული ნივთიერებების თრობის ქვეშ, ე.წ. ძველი ბიჭები იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე და ცდილობენ ზემოქმედების მოხდენას ამორმჩეველზე", - ამბობს წითლიძე. 

როგორც წითლიძემ აღნიშნა, მათ დამკვირვებლებს უბნებზე ხელს უშლიან მუშაობაში. მისივე თქმით, ერთ-ერთ წარმომადგენელს ოცნების დამკვირვებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

"ფიზიკური დაპირისპირება გვქონდა მე-20 უბანზე და 81-ე უბანზე, სადაც ჩვენს დამკვირვებელს, რომელიც შეეცადა საჩივრის დაწერას, ხელი გაარტყა ოცნების დამკვირვებელმა. მე-20 უბანზე იყო შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველმა ქუჩაში ნაპოვნი ბიულეტენები შემოიტანა და თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვა. 

69-ე უბანზე, სამხარეო პოლიციის თანამშრომლები არიან 100 მეტრიანი დისტანციის შიგნით და ცდილობენ ამომრჩეველზე ზეწოლას.

73-ეუბანზე ნაპოვნია დიდი რაოდენობით ცარიელი კონვერტები და გაუგებარია, რისთვის იყო ეს კონვერტები უბანზე", - ამბობს წითლიძე. 

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ქართული ოცნება ზუგდიდში რამდენიმე უბანზე კარუსელის დატრიალებას აპირებს. მან ბრიფინგზე კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები დაასახელა და კომისიის წევრებს მიმართა, ყურადღებით იყვნენ, რადგან ეს პირები კარუსელის დატრიალებას შეეცდებიან.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოცნება ქალაქის მთელ რიგ უბნებზე აპირებს კარუსელის დატრიალებას. ეს ადამიანები ჩვენი ინფორმაციით, განსაკუთრებით ზუგდიდის მე- 18 და 21ე უბნებზე იქნებიან მობილიზებული და შეეცდებიან კარუსელის განხორციელებას. ვთხოვ ჩვენს კომისიის წევრებს, იყვნენ ყურადღებით. ეს ადამიანები არიან ბექა გასაშვილი, ლევან ბასარია, ალეკო გელენავა, შოთა ჭანტურია და ლაშა ცომაია", - ამბობს წითლიძე.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. 

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. 

მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს. 

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.


close დახურვა