logo
ENG



წიკლაური ვაშაძის განცხადებაზე: ასეთი პოზიცია ჩემთვის სრულიად მიუღებელია

10 ნოე 202015:13
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/10/1tj68gnp8xrm9z1.png

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადება გუნდთან შეთანხმებული არ იყო.

წიკლაური ამბობს, რომ ვაშაძის პოზიცია მისთვის სრულიად მიუღებელია.

"ეს არ არის შეთანხმებული პარტიასთან. პირადად ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი ასეთი პოზიცია. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააგრძელოს ის გზა, რომლითაც მიდიოდა აქამდე. ეს გულისხმობს იმას, რომ მაშინ, როდესაც ჩამორთმეულია ყველა დემოკრატიული უფლება, როდესაც გაყალბებულია არჩევნები და როდესაც ეს ყველაფერი მოხდა უკიდურესი ძალადობით, ჩვენ დაგვრჩა ერთი გზა, კონსტიტუციური, კანონთან შესაბამისი გზა - ქუჩის საპროტესტო აქციები. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, პარტიაში პრაქტიკულად ყველასთვის ეს ინფორმაცია არ იყო ცნობილი", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, პარტია ერთიან პოზიციას ძალიან მალე დააფიქსირებს.  

"ერთიანი პოზიცია იქნება ძალიან მალე და არ მგონია, თანხვედრაში იყოს იმასთან, რაც ვაშაძემ გამოაქვეყნა", - თქვა ნუგზარ წიკლაურმა.

გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე იქნას გადატანილი:

"მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად", - აცხადებს ვაშაძე. 

ის ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".

ვაშაძე ასევე აღნიშნავს, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.


close დახურვა