საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა სადისტური აქტი და დანაშაულია.
"ამ ბოროტმოქმედების საქციელი დიდი ხანია, რაც გასცდა გამოხატვის თავისუფლებას ან აქტივიზმის რაიმე ფორმას. ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა - ეს არის სადისტური აქტი და დანაშაული. ამ არჩევნებმა ქართველი ხალხის მხრიდან წერტილი დაუსვა მათ რაიმე ამბიციას და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს, ასევე სამართლებრივი ფორმითაც და ჩვენ ბევრი გვექნება საფიქრალი იმაზე, როგორ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ბოროტების მანქანა აღიგავოს ამ პოლიტიკური ველიდან", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
***
ცესკოს სხდომაზე, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოეცხადებინათ, კომისიის წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
კირთაძემ კალანდარიშვილს საღებავი მას შემდეგ შეასხა, რაც ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.
როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება ცესკოს მომართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.