logo
ENG



წულუკიანი: ნებისმიერი განცხადება, რომ გელათში რაღაცას ვაფუჭებთ, დასრულდება სასამართლოში

05 თებ 202416:58
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი: ნებისმიერი განცხადება, რომ გელათში რაღაცას ვაფუჭებთ, დასრულდება სასამართლოში

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანი იმუქრება და აცხადებს, რომ სასამართლოში უჩივლებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სამინისტროს გელათში "რაღაცის გაფუჭებაში" დასწამებს ცილს.

"მე ვაპირებ და ასეთი დავალებაც აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება სასამართლოში დასრულდება, რადგან მე ამ ყველაფრის მოთმენას აღარ ვაპირებ.

როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე აქ, ის რასაც ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენი სისტემის თანამშრომლები აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხს ვაგებ მე, მაგრამ როდესაც რაღაცაში არ ვართ ჩართულნი, მე ვერავის მივცემ უფლებას სამინისტროს თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

***

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს". 

იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 

გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო. 

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.

 


close დახურვა