პრაქტიკულად, დიდი ხანია ქცეულია ჩვენი ქვეყნის შიგნით კრიმინალად და ქვეყნის გარეთ, რასაც მისი განცხადებებიც მოწმობს, ღამურას დაემსგავსა, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის აქტიურადაა საქართველოში მიმდინარე წინა საარჩევნო პროცესში.
წულუკიანის თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა განცხადებებს გააკეთებს მარგინალური ძალა.
"დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც აღარც თქვენ მოგინდებათ, სააკაშვილზე კომენტარი სთხოვოთ ვინმეს და მით უმეტეს, ჩვენ არ ვიქნებით ვალდებული, რამე ტიპის განცხადება გავაკეთოთ იმ ფიგურაზე, რომელიც პრაქტიკულად, დიდი ხანია ქცეულია ჩვენი ქვეყნის შიგნით კრიმინალად და ქვეყნის გარეთ, რასაც მისი განცხადებებიც მოწმობს, ღამურას დაემსგავსა. ის აქაურიც ვეღარ არის, ცდილობს, აქ ფეხი ისევ მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსიც მას არ გააჩნია. იმ ქვეყნებშიც, სადაც ჩაივლის ხოლმე, ფეხს ვერ იკიდებს, რადგან ის არასდროს ყოფილა რეფორმატორი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მარგინალური, კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს", - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" დღის წესრიგი მაღალი ხარისხის დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა.