logo
ENG



წულუკიანი Bellingcat-ზე: საქართველო სამაგალითოა მსოფლიოში, დანარჩენი უბრალოდ ბელეტრისტიკაა

01 აგვ 202013:54
3 წუთის საკითხავი
clock 601

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის ცნობილი არ არის Bellingcat-ის გამოძიების შესახებ, რომელიც კარანტინის დროს საქართველოში არსებულ კორუფციაზე წერს.

წულუკიანმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დანარჩენი, უბრალოდ, ბელეტრისტიკაა". 

"არ არის ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი. მე ის ვიცი, რომ საქართველო, მისი ხელისუფლება და ხალხი არის დღესაც სამაგალითო მსოფლიოში. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად, ეფექტურად, დავიცავით ყველამ, საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც, მკაცრი დისციპლინა და ვაჩვენეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად, ეპიდემიოლოგების პროფესიული აზრის გათვალისწინებით და მათი რეკომენდაციების საფუძველზე, იყო წარმატებული და საკუთარ ქვეყანაში არ გქონდეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გქონდეს გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელი და დაავადების დაბალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის დანარჩენი არის, უბრალოდ, ბელეტრისტიკა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტთა გავლენიანმა საერთაშორისო ჯგუფმა "ბელინგკეტმა" ჩაატარა გამოძიება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ პანდემიის პერიოდში გამოწვეული ახალი საჯარო სერვისების მოულოდნელი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტრონული ტენდერების ნაცვლად ე.წ. გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები ტარდება, სამართლიანი კონკურენციის გარეშე კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკა კი, პოლიტიკური კავშირების მქონე კომპანიებს პრივილეგირებულ პოზიციაში აყენებს.


close დახურვა