logo
ENG



წულუკიანი ამჯერად ოპერას ეწვია და ოპერისა და ბალეტის პრობლემები განიხილა

09 თებ 202116:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/09/rkxomfv03amg6ws.png

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში კულტურის სფეროში დასაქმებულებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძნობს. წულუკიანი ამჯერად ოპერისა და ბალეტის თეატრს ეწვია და ბალეტის ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილთან ოპერისა და ბალეტის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილა. 

"რა თქმა უნდა, ეს ვიზიტები გაგრძელდება, რათა ჩვენ პარლამენტში გვქონდეს სრული ხედვა, თუ რომელი ორგანიზაცია, რას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად", - ამბობს წულუკიანი. 

მინისტრის პორტფელის დატოვების შემდეგ, წულუკიანმა საქმიანობის პროფილი სწორედ მე-10 მოწვევის პარლამენტში შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს პარლამენტში განათლებისა და კულტურის მიმართულება ჩაბარდა, ჩვეულებისამებრ, საპარლამენტო თანამდებობის დაკავების დღიდან, წულუკიანი მწვავე და ხშირად, არაეთიკური პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევა.  

4 თებერვალს ტელეკომპანია მთავარის დირექტორის ტელეფონის ნომრის გასაჯაროების გამო ევროპარლამენტარებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილიც კი მისწერეს, რომელშიც წულუკიანის განცხადებებს "უსიამოვნო, არაეთიკური და სამწუხარო" უწოდეს. 

კულტურის მინისტრად წულუკიანის დანიშვნასთან დაკავშირებით კი, თავდაპირველად, ინფორმაცია ფორმულამ 2020 წლის 18 დეკემბერს გაავრცელა. ფორმულამ ასევე წინმსწრებად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება განათლებისა სამინისტროსგან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფას გეგმავდა. 

8 თებერვალს კი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მაია მენაღარიშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა მართლაც იგეგმება. ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატებმა პროფესიით დიპლომატის სპორტისა და კულტურის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება მოიწონეს და განაცხადეს, რომ წულუკიანი სპორტისა და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდება. 


close დახურვა