logo
ENG



წულუკიანი დემონსტრანტებზე: არ ვთვლი, რომ სამართლიანად ითხოვენ რაღაცის შესრულებას

28 ნოე 201914:36
3 წუთის საკითხავი
 
p1wpodc9yc4pux5.jpg

მინისტრთა კაბინეტის წევრები ფიქრობენ, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და ამიტომაც რადიკალურ გზებს ირჩევს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციაზე მყოფი ადამიანების რაოდენობაც ეცოტავებათ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირების შეზღუდვას. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმას მსგავსი რეაგირება მოჰყვებოდა. 

„ნებისმიერი გადახვევა კანონიდან იქნება რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან. როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპაში ან აშშ-ში პიკეტირება მოხდეს კონგრესის შენობის ან საკანონმდებლო ორგანოსი? ოპოზიციამ არ მოისურვა, რომ მიეღო მონაწილეობა მთავრობის შეთავაზებაში და ემუშავა საკონსტიტუციო ფარგლებში“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

აქციების გავლენა შეაფასა ეკონომიკაზე ფინანსთა მინისტრმა. მაჭავარიანის აზრით, ეს პროცესები აზიანებს ეკონომიკას.

„ნებისმიერი პროტესტი ნეგატიურ ელფერს სძენს ეკონომიკურ პროცესებს. დროში გაწელილი ან მასშტაბური კი განსაკუთრებით აზიანებს მას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, პროტესტი დემოკრატიული პროცესია, მაგრამ მან ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობას.

„რაც შეეხება აქციებს, რა ნაწილშიც ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, შეიძლება ჩვენთვის დისკომფორტი იყოს, მაგრამ სრულიად მისაღები დემოკრატიული პროცესია. რაც შეეხება არაკანონიერ გამოვლინებებს, რაც მიმართულია მთავრობის მუშაობის ხელის შეშლისკენ - ამას ძალიან ადეკვატური პასუხი ეცემა ჩვენი მხრიდან. არ მგონია რომელიმე სახელმწიფოში სხვა რეაქცია მოჰყოლოდა მთავრობის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებას“, - ამბობს ნათია თურნავა.

იუსტიციის მინისტრის აზრით, პროტესტი არ არის სამართლიანი. წულუკიანი კვლავ იმეორებს, რომ პროპორციული არჩევნები იყო მმართველი პარტიის კეთილი ნება და არა რაიმე სახის ვალდებულება.

„არ ვთვლი, რომ სამართლიანად ითხოვენ რაღაცის შესრულებას. გუშინ, მე მგონი, მეასედ ითქვა, რომ ეს იყო კეთილი ნება, რომ ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები. ეს იყო ინიციატივა და ის ჩავარდა. ახლა არის კონსტიტუცია სახეზე და არჩევნები ჩატარდება მის მიხედვით. როგორც უკვე ითქვა, კედელზე თავის რტყმას არ აქვს აზრი. „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები ვერ აკეთებენ ხალხის მობილიზებას, რადგან არავის უნდა მათი ხელისუფლებაში დაბრუნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარედ პროტესტი რამდენიმე საათს გაგრძელდა. დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - პროპორციული სისტემით არცევნების ჩატარება.


close დახურვა