logo
ENG



წულუკიანი მეუფე პეტრეზე: ამგვარი ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი

01 ნოე 201916:04
3 წუთის საკითხავი
 
j7lnchqcj2qdj5c.png

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება მხოლოდ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი პოზიცია ემთხვევა პრემიერ გიორგი გახარიას პოზიციას და მინისტრის თქმით, ამ ყველაფრის მიღმა დესრტუქციული ძალა დგას.

წულუკიანის თქმით, ეკლესიაზე მიზანმიმართული თავდასხმები მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმების სერია ეკლესიაზე და გუშინ ამან პიკს მიაღწია. ძალები, რომლებიც თავდასხმის უკან დგანან, ვფიქრობ, ესენი არიან ძალები, რომლებიც ზოგადად ებრძვიან ყველაფერ იმას, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ რაც ვიხილეთ უკვე ყოფილი მეუფე პეტრეს მხრიდან, ეს არის არამც თუ დამაზიანებელი, არამედ ამგვარი ტიპის თავდასხმები მიზნად ისახავს ნგრევას, არის ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი,“ - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა მეუფე იაკობზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მას დამანგრეველს ვერ უწოდებდა.

„მეუფე იაკობის განცხადება დიდი სერიოზულობით არ გამოირჩეოდა, მას დამანგრეველს ვერ ვუწოდებდი,“ - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. საპატრიარქომ პატრიარქის ბრძანება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მეუფე პეტრე (ცაავა) შიომღვიმის მონასტერში გამწესდა. 

რაც შეეხება მეუფე იაკობს, მან სინოდის სხდომაზე საყვედური მიიღო. მეუფე იაკობმა იქამდე განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის კვირიკაშვილის კაბინეტში, მაშინ პრემიერის თანამდებობაზე მყოფი გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ.“

 


close დახურვა