იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ ოპოზიცია არ დასთანხმდება მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას, მათ მოუწევთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის "გამოგლოვა".
"ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მომზადება", - ამბობს თეა წულუკიანი POSTV-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას 100-50-ზე ბალანსი შესთავაზა, რაც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ამ ინიციატივას არ დასთანხმდებიან.