logo
ENG



წულუკიანი სააკაშვილზე: უპირატესობის წარმოსაჩენად, კაცებს სჩვევიათ, დააკნინონ ქალები

20 აგვ 202016:00
3 წუთის საკითხავი
 
vva32pbcmc5sc0m.jpg

"კაცებს ხანდახან სჩვევიათ, რომ დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა" , - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მის მიმართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას. თეა წულუკიანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ქალი პოლიტიკოსი, ყოველთვის ყურადღებით იქნება ორგანიზაცია და საზოგადოება. 

"მე რადგან ვიყავი ამ დღეებში ამგვარი ტიპის გამოხდომების საგანი, მსხვერპლად თავს არ მივიჩნევ. ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ქალი, ვინაიდან ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში უნდა იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომავალში, ყველამ იცოდეს, რომ არაუშვას, თუ თავს გესხმიან. მნიშვნელოვანია, ჩვენი საქმე გავაგრძელოთ და განსჯა მივანდოთ საზოგადოებას.

ჩემი მხრიდან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, რომლებსაც ვერ დავაბრალებთ, რომ ქართული ოცნების და ჩემი მხარდამჭერია, თავიანთი აზრი თქვეს და ეს ვფიქრობ არის პრემიერა. მანამდე, როცა ქართული ოცნების ქალ პოლიტიკოსებს თავს ესხმოდნენ,  იყო ხოლმე დუმილი.

იმედი მაქვს, რომ მომავალში რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ქალი პოლიტიკოსი, ყოველთვის ორგანიზაცია და საზოგადოება იქნებიან ყურადღებით, რადგან კაცებს ხანდახან სჩვევიათ, რომ დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა. მე იმ სუბიექტზე კომენტარს არ გავაკეთებ, რომელიც კიევშია დაბუდებული. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის. 31 ოქტომბერს ქართული ოცნება დიდი გამარჯვებას ხალხთან ერთად აჩვენებს ამ რეტროგრადულ და აგრესიულ ძალას, რომელიც უცხოეთიდან ებრძვის ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე თეა წულუკიანი შეურაცხმყოფელი ტერმინით მოიხსენია. მან გააზიარა წულუკიანის ციტატა: "სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს", წარწერით: "ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს". 

ამ ფაქტს გამოეხმაურა ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია და სააკაშვილის განცხადებას სექსისტური უწოდა, რაც მისივე თქმით, უკულტურობასა და პოლიტიკურ სიგოიმეზე მიუთითებს.


close დახურვა