თეა წულუკიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და "მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა" საქართველოში მთავარი ანტიდასავლური ძალაა.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები და ანტიდასავლური რიტორიკა უკვე ტრადიციად, სისტემურ ქმედებად იქცა, რაც შეშფოთებას იწვევს.
წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა - ექსპრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტონი კოქსს "ეფესბეს აგენტი" უწოდა.
"ისმის კითხვა, რამ გამოიწვია თავდასხმა საერთაშორისო ინსტიტუტზე - ალბათ იმან, რომ ეს დასკვნა არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებულ ყალბ რეალობას იმასთან დაკავშირებით, რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა ქართულმა ოცნებამ.
ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რეალობა, რაც არის, რომ მშვიდობიანად ჩატარდა არჩევნები, რაც, რა თქმა უნდა, სააკაშვილს არ მოსწონს. მას არ მოსწონს მშვიდობა, მას სხვა გეგმები ჰქონდა და ეს გეგმები ჩაიფუშა. და საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ ქართული ოცნება არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მოსაწონი არ აღმოჩნდა", - თქვა წულუკიანმა.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის განცხადება საგანგაშოა, თუმცა, მისი თქმით, პარლამენტი შეებრძოლება ანტიდასავლური განწყობების გავრცელებას.