"ქართული ოცნების" უცვლელი მინისტრი, წულუკიანი ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატად მოიაზრება. მინისტრმა ინფორმაცია უარყო, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნება" კადრს მხოლოდ პოლიტიკური ერთგულების ნიშნით გაამწესებს.
ხვალ უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უნდა აირჩიოს, რომელიც უზენაეს ინსტანციაში ზაზა თავაძეს შეცვლის. სამოქალაქო სექტორი პლენუმს მოუწოდებს, გადაწყვეტილება ისევ დახურული რეჟიმით არ მიიღოს, გამჭვირვალობის მისაღწევად არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტსაც კი მიმართეს.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოსამართლის დახურულ კარს მიღმა შერჩევა უკვე ტრადიციად აქცია. იხსენებენ, როგორ დანიშნა რამდენიმე კვირის წინ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხვიჩა კიკილაშვილი. ამ პრაქტიკის შესაცვლელად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს დღეს საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართა.
გაიზიარებს თუ არა კრიტიკას უზენაესი ინსტანცია - სხდომამდე განმარტებას არ აკეთებენ.
საკონსტიტუციოს ახალ მოსამართლეს უზენაესი სასამართლოს პლენუმი 10 წლის ვადით აირჩევს. ამის შემდეგ კი საკონსტიტუციოს შემადგენლობა ახალ თავმჯდომარეს თავად შეარჩევს.