logo
ENG



წულუკიანის დროს დანიშნული ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

17 იან 202318:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/17/izwhpn0q9y06459.png

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის დროს დანიშნული ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი თანამდებობას ტოვებს.

გათავისუფლების შესახებ განცხადებაში ჯაყელი წერს:

"მოცემულ პოზიციაზე მუშაობის ურთულესი თვეების მანძილზე ჩემი კურატორობით მიმდინარეობდა მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროფესიონალების გუნდთან ერთად დაიდო საინტერესო შედეგები.

მოცემულ ეტაპზე კულტურის მინისტრის ხედვა მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე არ ემთხვევა ჩემს პროფესიულ ხედვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ვტოვებ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას".

თეონა ჯაყელმა გასული წლის მაისში ჯანაშიას მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერების კომპეტენციის შეფასების დოკუმენტს მოაწერა ხელი. მან მეცნიერებს დაბალი შეფასება დაუწერა, რის საფუძველზეც სამსახური სფეროს წამყვანმა მეცნიერებმა, მათ შორის, ანა მგელაძემ, ნინო ჯაყელმა და ოროზმანის აღმოჩენის ერთ-ერთმა მონაწილე გიორგი ბიძინაშვილმა დაკარგეს.

კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული ახალი კადრებისგან განახვავებით, რომლებიც ძირითადად იუსტიციის სამინისტროდან გადმოიყვანეს, თეონა ჯაყელი იყო ერთადერთი, რომელიც კულტურის სფეროს წარმოადგენდა, წლების მანძილზე მუშაობდა მუზეუმში და იცნობდა გათავისუფლებულებს, იცოდა მათი საქმიანობა და პროფესიული შესაძლებლობები.

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ჯაყელსა და წულუკიანს, მათ შორის, წულუკიანის დანიშნულ ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველ მოადგილე ნიკა ახალბედაშვილის შორის დაპირსპირება პაოლო იაშვილის მუზეუმის გახსნაზე დაიწყო, რის შემდეგაც თეონა ჯაყელმა, ვინც მუზუემის გახსნის პროექტი წარმართა, სამადლობელო Facebook-პოსტის გამოქვეყნებულ ტექსტში და ასევე, პირადად, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, მათ შორის იყვნენ არქიტექტორი ზაზა იაშვილი და რესტავრატორი ვახტანგ ხოშტარია. წყაროს ცნობით, ამ სამადლობელო სიას მოჰყვა ახალბედაშვილისა და წულუკიანის გაღიზიანება. კვირას სპეციალურად შეიკრიბა დირექტორატი და თეონა ჯაყელს განცხადება დაუკმაყოფილეს.

ფორმულა კომენტარის მიღების მიზნით რამდენიმე დღეა ჯაყელთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

განახლება

თეონა ჯაყელმა თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

"საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია დავტოვე ჩემი პროფესიული შეხედულებების გათვალისწინებით. არ ვაპირებ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, მითუმეტეს დაუშვებლად მიმაჩნია შიდა დოკუმენტაციის საჯარო სივრცეში გამოტანა და არასწორი ინტერპრეტაციები!

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, პროფესიონალთა გუნდს და ახალ მენეჯმენტს მუზეუმის განვითარების საქმეში", - წერს ჯაყელი.


close დახურვა