logo
ENG



წულუკიანის მიერ გათავისუფლებული მკვლევრების მხარდამჭერი ჯგუფი პარლამენტს მიმართავს

11 თებ 202213:15
3 წუთის საკითხავი
 

თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებული მეცნიერების მხარდასაჭერად საინიციატივო ჯგუფი - ხელოვნების მუზეუმისთვის შეიკრიბა. ისინი 7-9 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დროული გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

იურისტი სულხან სალაძის თქმით, რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული 13 პროექტიდან 2-ის ავტორი ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელია. მათ გათავისუფლების მიუხედავად პროექტების განხორციელების უფლება ჰქონდათ. წულუკიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს უფლება ეზღუდებათ და ეროვნული მუზეუმი მთლიანად მინისტრის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება.

„როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 28 იანვარს გამოქვეყნდა რუსთაველის ფონდის მიერ გამარჯვებული პროექტების სია. ამ სიაში 13 პროექტი ირიცხება, რომელიც ეროვნულ მუზეუმს ეკუთვნის, მათ შორის 2 პროექტის ავტორები არიან ადამიანები, რომლებიც გათავისუფლებულია დღეს სამუზეუმო სისტემიდან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.

ამის მიუხედავად მათ სრული უფლება ჰქონდათ, როგორც მეცნიერებს, მკვლევრებს ფონდებში ემუშავათ, კოლექციებთან ჰქონოდათ შეხება და გაეგრძელებინათ ის სამეცნიერო საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ.

საპასუხოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გათავისუფლებები უკავშირდებოდა არა ობიექტურ საფუძვლებს, არამედ განსხვავებული აზრის დევნას, ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა, მინისტრ წულუკიანის მიერ მიმდინარე წლის 1-ლ თებერვალს გამოცემული იქნა ბრძანება და შეიზღუდა ფონდებში დაშვების წესი, ამას მოჰყვა საგრანტო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით ასევე შეცვლილი წესი.  პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში აქცევენ ეროვნულ მუზეუმს და მუზეუმის ყველა გადაწყვეტილება, ყველა მოქმედება რეალურად დამოკიდებული ხდება მინისტრის გადაწყვეტილებაზე“ - აცხადებს იურისტი.

სალაძის თქმით, მიმდინარე წლის 7 თებერვალს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელზეც კანონდარღვევით დადგინდა, რომ გასულ წელს ეროვნულმა მუზეუმმა კანონის მოთხოვნების დარღვევებით გააგზავნა განაცხადები რუსთაველის ფონდში. იურისტი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რადგან ნომინირების შესახებ გადაწყვეტილებები გასულ წელს სამეცნიერო საბჭომ მიიღო, იმ პერიოდისთვის კი დირექტორატს ეს ფუნქცია არ გააჩნდა.

სალაძე აცხადებს, რომ მინისტრ წულუკიანის ქვეშევრდომებით დაკომპლექტებულმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა 9 თებერვალს ფონდ რუსთაველს 13-ვე პროექტისთვის დაფინანსების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, რითაც უამრავ მეცნიერს საქმიანობა შეუწყვიტა.

საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს მიმართავს, რომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ შორის უპასუხოს იმ პეტიციას, რომლითაც საინიციატივო ჯგუფი ეროვნული მუზეუმის საკითხზე მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვდნენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან  შორს ვართ იმ აზრისგან, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში შესაძლებელია რამე არსებითი ცვლილება მოხდეს კულტურის სფეროში. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რომ დროულად გამოიყენოს ის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები რომელიც მას გააჩნია და უზრუნველყოს, როგორც პროცესის საჯაროობა, ასევე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოლოდინშიც ყველა ვართ“ - დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სულხან სალაძემ.


close დახურვა