logo
ENG



წყნეთში მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

25 ნოე 202217:46
3 წუთის საკითხავი
 

დეტექტივი ერიკ წურწუმია, რომლის გასროლილ ტყვიასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. ყოფილ პოლიციელს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ერიკ წურწუმიამ სასამართლოში განაცხადა, რომ მას პოლიციიდან წამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის შემოწმება დაავიწყდა, იყო თუ არა ის დატენილ მდგომარეობაში. ასევე ის ამტკიცებდა, რომ გასროლა მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, როდესაც ზურაბ გველესიანი მისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა. 

18 აპრილს წყნეთში, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, სამსახურებრივი იარაღიდან გასროლის შედეგად 30 წლის კაცი გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.


close დახურვა