თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და თქვა, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, თუმცა კახა კალაძეს ზუსტი თარიღი არ უხსენებია.
კალაძეს პანდემიის გამო შეჩერებული პროექტებისა და მიკროავტობუსების ტენდერების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
„გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის სამუშაოები თითქმის დასრულებულია, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, მცირე დეტალები იქნება თვის ბოლომდე დასრულებული. ჭავჭავაძეზე 3კმ-მდე მონაკვეთი დასრულებულია, ბოლო ფენებშია მოწყობილი. მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი და მიმდინარეობს შადრევნის რეაბილიტაცია. სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის„ მიერ დაზარალებული ოჯახები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ თავიანთ საკუთარი ბინების მიღებას - „ემ კვადრატთან“ გავაფორმეთ მემორანდუმი. ის იღებს ვალდებულებას, რომ მშენებლობა დაასრულოს", - განაცხადა კახა კალაძემ.