ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს. როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს მმართველ გუნდს ამით, ბიზნეს სექტორის გაკონტროლება სურს. მისივე თქმით ეს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუშლის.
„ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკის სფერო, ფარმაცია, სამედიცინო მომსახურება, საწვავი და მისი განაწილება, ყველა ამ მიმართულებით რა კანონპროექტებიც ახლა შემოიტანა ქართულმა ოცნებამ, ყველას ამოცანა არის ერთადერთი: ბიზნესი იყოს წნეხისა და კონტროლის ქვეშ, დასჯის შიშით რომ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ თავის საარჩევნო ყულაბაში მეტი ფული მოაგროვოს და გრძელვადიანად თუ ხელისუფლებაში დარჩებიან, ბიზნესის წილების გადანაწილება თავადვე აკონტროლონ, რაც ხელს შეუშლის ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას“,-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს კენჭს მესამედ უყრიან. მმართველი გუნდის ოპონენტები პროცესში მონაწილეობის მიღებას არც დღეს აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში ორი წლის ვადით დანიშნოს სპეციალური მმართველები, რომლებიც ფართო უფლებამოსილებით იქნებიან აღჭურვილნი - მათ შორის, მათ შეუძლიათ დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გათავისუფლება.
კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.