„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორონავირუსის პრობლემას არასერიოზულად უდგება.
როგორც მან გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აღნიშნა, რეკომენდაციების გაცემასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მთავრობამ შესაბამისი რესურსები სწორად გაანაწილოს.
„დღემდე რა კრიზისებიც გვქონია, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, „ქართული ოცნება“ მოქმედებს იმ პრინციპით, რომ მთავარი ორი-სამი დღე გავუძლოთ, ჩვენ ბოტებს და ტროლებს რაღაცები გავაპრავებინოთ, გადავიაროთ ეს და მერე რაღაც იქნება. ეს არის ამ მთავრობის რეჟიმი. ეს პრობლემა არ არის ორი და სამი დღის, არც ორი და სამი კვირის, ეს არის გრძელვადიანი პრობლემა და რაც უფრო არასერიოზულად მიუდგება მთავრობა, მით მეტი პრობლემა გამოჩნდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, უბრალოდ რეკომენდაციებს კი არ ვილაპარაკოთ, მთავრობამ მიაყოლოს ფინანსური, ადმინისტრაციული, ადამიანური რესურსი იმას, რომ შეასრულოს ეს რეკომენდაციები. მაგალითად, როცა სკოლას ვეუბნებით, რომ ყოველდღიურად დეზინფექცია ჩაუტარდეს სკოლას, როცა ვიცით, რომ ამის სახსრები არ არსებობს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვაწვდით კი საკმარის რესურსს იმისათვის, რომ თუნდაც 16 მარტს, როცა ბავშვები არდადეგებიდან გამოვლენ, ამას ყველა სკოლა შესაბამისი აღჭურვილობით შეხვდეს.
გარდა ამისა, გადამყვან სასწრაფოებს, ვისაც უშუალოდ სიმტპომების მქონე პაციენტები გადაჰყავთ, აღჭურვილობა აქვთ, თუმცა ეკიპირება ჩვეულებრივი სასწრაფოს ექიმებსაც სჭირდებათ. რაც მთავარია, სჭირდება ალგორითმი, როდესაც მივიდა ასეთ პაციენტთან, კონკრეტულად სად უნდა მიიყვანოს. გუშინდელ დღემდე, ვიდრე რესპუბლიკური არ დაცალეს, სასწრაფომ ეს არ იცოდა. ინფექციურის შენობის პრობლემა ცალკე საკითხია, მაგრამ 20 ბოქსი რომ ამ პრობლემას ვერ მოერევა კარგად ვიცით. ამიტომ ჩაიდო თავის დროზე რეგულაციაში, რომ ყველა საავადმყოფოს, კერძო იქნება ეს თუ სახელმწიფო, ყველგან იყოს სპეციალური, იზოლირებული ბოქსები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.