logo
ENG



ჭიაბერაშვილი:საარჩევნო უბანზე უნდა იკრძალებოდეს ამომრჩევლის დაშინების მიზნით შეკრებები

22 ივნ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

 

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, პარლაემნტის თავმჯდომარე და ირაკლი კობახიძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, მესამე სექტორის წევრებს, საელჩოების წარმომადგენლებსა და ამირან გამყრელიძეს ხვდებიან. შეხვედრაზე საქართველოში პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობენ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უკვე 2 საათია მიმდინარეობს, შეხვედრაზე ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები საკუთარი შეთავაზებებით მივიდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, თქმით უბნებზე ამომრჩევლის მაქსილამური რაოდენობა 800 უნდა იყოს. ჭიაბერაშვილი ასევე აცხადებს, რომ საარჩევნო უბანთან გარკვეულ მანძილზე უნდა იკრძალებოდეს ისეთი ტიპის შეკრებები, რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლასა და მათ დაშინებას ემსახურება.

„უბნები უნდა გაიყოს. უბანზე ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 800 ამომრჩეველი და ბუნებრივია ეს მოითხოვს, მნიშვნელოვან ცვლილებებსაც კანონმდებლობაში და საარჩევნო კომისიის მხრიდან მომზადებას. უნდა ჩაიწეროს საარჩევნო კოდექსში ნორმა იმასთან დაკავშირებით, რომ უბანთან გარკვეულ მანძილზე იკრძალება იმ ტიპის შეკრებები, რომელიც იწვევს ამომრჩეველზე ზეწოლას, ამომრჩევლის დაშინებას, რასაც "ქართული ოცნება" ტრადიციულად იყენებდა“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობაში“ არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება არჩევნების პროცესში პანდემიას სათავისოდ გამოიყენებს. როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პანდემია დამატებითი გამოწვევაა, მისი თქმით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეწოლისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებდა.

„პანდემია რა თქმა უნდა დამატებით გამოწვევებს უქმნის ქვეყანაში საარჩევნო პროცესს, მაგრამ ამავე დროს რჩება ძალიან აქტუალური ყველა ის გამოწვევა არჩევნებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ჰქონდა, ეს არის ძალადობა, ეს არის მოსყიდვა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და რა თქმა უნდა ძალიან სახიფათოა ის რომ პანდემიასაც ხელისუფლება გამიყენებს სწორედ საკუთარი ინტერესებისთვის, მათ შორის საარჩევნო პროცესში“,-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

 


close დახურვა