„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზენტაციაზე არაადეკვატური ციფრები იქნა წარმოდგენილი. ჭიაბერაშვილის თქმით, ძალიან ბევრი მოქალაქე დარჩება შემოსავლის გარეშე.
„არ ვთვლი, რომ გაუაზრებელი იყო მთავრობისგან მინიმალური დახმარება რომ გამოაცხადეს თვითდასაქმებულებისათვის ერთჯერადი დახმარება მინიმალური 300 ლარი. მაშინ, როდესაც ჩვენი დათვლით, მაგალითად კომუნალური ვაუჩერის დათვლით, 520 ლარის გაცემა შეიძლებოდა. ეს არის მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ფურცლებზე რაღაც სიტყვები გვითხრას და საზოგადოება ჩათვლის, რომ ყველაფერი კარგად არის.
"ქვეყანაში მილიონამდე თვითდასაქმებულია და ეს ყველაზე დიდი კატეგორიაა, რომელიც ამ კრიზისის დროს ზარალდება. ჩვენი მიდგომაა, რომ გამოვრიცხოთ ცალკეული მაღალშემოსავლიანი ადამიანი, რომელსაც არ დავეხმარებით და დანარჩენს დავეხმარებით. მთავრობამ რომ პრეზენტაცია წარადგინა, გეგმას ვერ დავარქმევ ამას, ეს იყო იმი საზოგადოებრივი მოთხოვნის საპასუხოდ, რომ რაღაც გეგმა არსებობდეს. რიცხვები, რომლებიც დაანონსდა არაადეკვატურია და მისი შესრულების მექანიზმიც დროში გაწერილი იქნება და ბევრი მოქალაქე დარჩება შემოსავლის გარეშე“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 300-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან მიიღებენ მხოლოდ ის თვითდასაქმებული პირები, ვინც იურიდიული პირის გაცემულ ცნობას წარადგენს.
თამილა ბარკალაიას განცხადებით, ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები ვერ წარადგენენ ცნობას სამუშაო ადგილის შესახებ, მათი აღრიცხვაც სირთულეებთანაა დაკავშირებული.