შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჭიათურაში, სასულიერო პირის ოჯახზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხზე შსს-ს გენერალური ინსპექცია ამ დროისთვის მოკვლევას აწარმოებს, თუმცა ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება არ იკვეთება.
„თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს და აგინეს? ამაზე არსებობს უამრავი სამსახურები. სამწუხაროა, როდესაც ასეთი რამ ხდება მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში, ამისთვის ვიცლით, ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. მე შევასწავლინე ჩვენს სამსახურს, გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახურები, დაწყებული პროკურატურიდან, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს თემა არ მომხდარა, რომ ცემა ვიღაცამ, ან გარეთ ძალით წაიყვანა, შეუზღუდა თავისუფლება და ასე შემდეგ. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. მოიკვლევენ და ნახავთ როცა დაიდება. არანაირი ძალადობა იქ არ ყოფილა“, - განაცხადა შს მინისტრმა.