ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია საქმიანობის უფლების აღდგენის მოთხოვნით მიმდინარეობს. აქციის წევრები იმ კომპანიების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ჭიათურაში მადნეულს ღია კარიერული წესით მოიპოვებენ.
აქციის წევრების თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მათ საქმიანობის უფლება შეუჩერდათ, რის შედეგადაც ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. აქციის მონაწილეებს შორის არიან ის მძღოლებიც, რომელთაც მადნეული ავტომობილებით გადაჰქონდათ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჭიათურის ტერიტორიაზე მადნით დატვირთული ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. მადნის გადატანა მხოლოდ სარკინიგზო ხაზით არის შესაძლებელი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ საქმიანობის უფლება არ აღუდგებათ, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.