logo
ENG



ჭიჭინაძე: 8 მარტის შეთანხმებას ხალხის ინტერესთან კავშირი არ აქვს, მე მას მხარს არ დავუჭერ

15 მაი 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

დაუჭერს თუ არა ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს - ნაწილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება სრულფასოვნად არ იქნება შესრულებული, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. გარდა ამისა, ისინი მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური ფასის გადახდაზეც საუბრობენ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ფრაქციის წევრებმა დოკუმენტს ხელი გარკვეული პირობით მოაწერეს, რაც საყოველთაო სავალდებულო არჩევნების თემის განხილვას გულისხმობდა. კობერიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ პირობას შეასრულებს, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერენ.

„ჩვენ გვაქვს პირობით მოწერილი ხელი ამ დოკუმენტისთვის, პირობაში წერია რომ ჩვენ ვითხოვთ გახდეს ამ განხილვების განუყოფელი ნაწილი საყოველთაო სავალდებულო არჩევნების თემა.  ჩვენ ამ პირობით მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს. ამ დოკუმენტიდან გამომდინარე ჩვენი პირობა გათვალისწინებული უნდა იყოს განხილვების დროს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მხარს დავუჭერთ. ის რომ ამ ადამიანების დაპატიმრებას ახლავს პოლიტიკური კონტექსტი ეს ცალსახაა, ის რომ სამართლის აღსრულების სისტემები დღეს საქართველოში ექვემდებარება პოლიტიკურ ნებას მმართველი გუნდის ესეც ცხადია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახლა გამოინახოს გზა, იმისათვის რომ ეს ყველაფერი მიღებული იყოს ფართო კონსესუსით“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას ვაჭრობას უწოდებს. როგორც ჭიჭინაძე განმარტავს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმება არ არის ის რასაც 20 ივნისს საზოგადოება ითხოვდა, სწორედ ამიტომ ჭიჭინაძე ცვლილებებისთის მხარდაჭერას არ აპირებს.

„რა თქმა უნდა მხარს არ დავუჭერ. იმიტომ რომ ეს არ არის 20 ივნისის გამარჯვება, ხალხის მიერ მოპოვებული შედეგი არ არის. ეს არის არითმეტიკა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვაჭრობები, პოლიტიკურ პატიმრებზე, რაოდენობებზე. ეს არის იმის მცდელობა, რომ ვიღაცეებმა საკუთარი თავი კომფორტულად დააბინავონ სამომავლო პარლამენტში. ხალხის ინტერესთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პასუხისმგებლობას სრულად მმართველ პარტიას აკისრებს. ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებას ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ხმები ჰყოფნის.

„ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ეს 1000%-ით ხელისუფების პასუხისმგებლობა იქნება და რაც არ უნდა ეცადოს ოპოზიციას ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გადმოაბარებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ 120/30-ის შემთხვევაში გაიტანდა ამ ცვლილებებს, მეორე იმიტომ რომ ამ ცვილებებს მხარს უჭერს არასახელისუფლებო და დამოუკიდებელი დეპუტატები და ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ხმები ხელისუფლებას ჰყოფნის, თუ კვლავ არ გაითამაშებენ ვითომ აბუნტებულ მაჟორიტარებს“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას, რომლის მიხედვითაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმების არ შესრულებაში ადანაშაულებს. კერძოდ, ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. აღნიშნულ საკითხს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმაურებიან და მმართველ გუნდს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ თუ შეთანხმების ყველა პირობა არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს და დაუჭერენ.

 

 


close დახურვა