პირველ წირვას მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია ატარებს.
ღვთისმსახურებაში არ მონაწილეობენ ეპარქიის მთავარ ტაძარში მომსახურე სასულიერო პირების დიდი ნაწილი და მონაზვნები, რომლებიც მედიასთან ჯერჯერობით არ გამოჩენილან. წირვას არ ესწრება არც ყოფილი მღვდელმთავარი პეტრე ცაავა, რომელიც ტაძრის რეზიდენციის შენობაში იმყოფება.
კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს ეპარქიასთან დაკავშირებით, მეუფე გრიგოლო ამბობს, რომ ჯერჯერობით ეცნობა სიტუაციას. მისთვის უცნობია ვისთან ერთად მოუწევს ეკლესიაში მოღვაწეობა რადგან უცნობია იმ სასულიერო პირებიდან, რომლებიც ეპარქიაში მსახურობდნენ ვინ დარჩება და ვინ გააგრძელებს მსახურებას.
ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს მრევლის ნაწილის პროტესტზე და იმაზე, რომ მას ადგილზე მღვდლების ნაწილი არ დახვდა, მეუფე ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
"ვიმეგობროთ, ვემსახუროთ ღმერთს, საშობლოს, ადამიანს," განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მეუფე ადასტურებს, რომ შეხვედრა, რომელზეც ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საუბრობდა, მართლაც შედგა. მან იმ სიტყვებზეც გააკეთა კომენტარი, რომელზეც მეუფე პეტრე საუბრობდა.
"ეს არის ძველი აღთქმიდან. გადაფარე მამაშენს თუ დაინახე სიშიშვლე და ღმერთი დაგიცავს," - აცხადებს მეუფე გრიგოლი.