მაკდონალდს ჯორჯიას მფლობელის თემურ ჭყონიას შვილი სოფო ჭყონია კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ჰომოფობიას გმობს.
მისი თქმით, არც თვითონ და არც მამამისი არანაირი პროპაგანდას არ ეწევა და რაც ხდება, მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
"მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ეხლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს, რომელიც უკვე გაცდა მაკდონალდსის თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს. მივიღე ბევრი მუქარა თუ შერაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მით უმეტეს მამაჩემი. თუმცა, კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას!
დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო, რომელმაც მოიცვა საქართველო.
სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი! ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანის იმ თემებიდან, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. იმედი მაქვს, მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება", - წერს ჭყონია.
დღეს, 16 ივნისს მაკდონალდსმა განცხადება გაავრცელა, სადაც ელტონ ჯონზე წიგნის გამო ბოდიში მოიხადა, მოგვიანებით მორიგი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ წინა განცხადებაში ბუნდოვანების გამო ბოდიშს იხდიან.
კომპანიის თქმით, სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას.
სერიის წიგნებიდან, რომლებიც ცნობილი ადამიანების ცხოვრებას ეხება, ერთ-ერთი ელტონ ჯონი იყო, რომელზეც ეწერა - "დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა". ეს ჩანაწერი ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა, სამთავრობო მედიებმა კი მაკდონალდსის გაშავების კამპანია დაიწყეს. ჩანაწერი დაგმო საპატრიარქომაც.