ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ენმ მზად არის, გელათის სამონასტრო კომპლექსის "გადარჩენა საკუთარ თავზე აიღოს და ჩამოიყვანოს ექსპერტები". ის მოუწოდებს კულტურის მოღვაწეებს, არ დაემონონ თეა წულუკიანის რეჟიმს.
"არ არსებობს საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უნდოდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის წაშლა, გელათის განადგურება. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვინც გეტყვით, რომ საყდრისის აფეთქება არის კარგი, ასეთი არ მოიძებნება. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც გეტყვით, რომ სვეტიცხოვლის დახურვა, დუქანივით, ნორმალურია, არ არსებობს ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ პრეზიდენტი უნდა მოვკლათ წამებით, პუტინის ტყვე, პუტინთან მეომარი. სულ რომ არაფერი გაეკეთებინა სააკაშვილს, პუტინთან მეომარი მთავარსარდალი როგორ შეიძლება ამ მდგომარეობაში გვყავდეს, როცა მსოფლიოში 2 ლიდერს უხარია მხოლოდ მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა: ეს არის პუტინი და რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ამ ხალხს უნდა ჩვენი ისტორია გადაწეროს, ეს არ გამოვა. არ უნდა მივცეთ გელათის განადგურების შესაძლებლობა, ხალხსაც მოგიწოდებთ, უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრი. ჩვენ მზად ვართ, გადავარჩინოთ გელათი, ავიღებთ ამას ჩვენს თავზე, სპეციალისტები უნდა ჩაერთონ ამ საქმეში, უცხოელებიც უნდა ჩამოვიყვანოთ, ადგილზეც უამრავი სპეციალისტი გვყავს, მაგრამ ჯალათი თეა დაკავებულია იმით, რომ ფული იშოვოს, კორუფციაში იყოს და მერე გამოვიდეს, ცინიკური განცხადებები აკეთებს. ყველა კულტურის მოღვაწეს, გმირებს, ვინც არ ემონებით და არ უნდა დაემონოთ, ყველას გეუბნებით, არ ხართ მარტო, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით. ვიბრძოლოთ ერთად", - თქვა ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში ღამის კომენტარი.
მისივე თქმით, თეა წულუკიანი არის "ბოღმის, სიძულვილის მონუმენტი, ჯალათი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია".
"ბოღმის, სიძულვილის მონუმენტი, ქანდაკებაა, ჯალათია. ამ ადამიანის პირიდან, ლექსიკიდან, ბოროტების, ღვარძლის გარდა არაფერი მოდის, სიძულვილი მოდის. ნაცარი არ უნდა დავიყაროთ თავზე. თეა წულუკიანი და მისი ოჯახი ნაჩვევია, მათ შორის, სიკვდილით დასჯასაც და ეს მისი ოჯახური ტრადიციაა ჯალათი რომ იყოს. მისი მამა სიკვდილით სჯიდა ადამიანებს, აქედან მოდის და არ მიკვირს, რომ ასეთი ჯალათია ეს ადამიანი. ბოროტია, კი, თავისი არსით, ეს ადამიანი არის ბოროტი. სოციალურ ქსელში ვუყურებდი ვიდეოს, როგორ გამოაპარეს [რუსთველის თეატრიდან], მოქალაქეები დახვდნენ და ეძახდნენ, რომ არის პუტინის მონა, არის მოღალატე და ასრულებენ კრემლის მიერ მიცემულ დავალებებს და ეს ქალბატონი არის ყველაფერზე ხელის მომწერი, ეს დრომ აჩვენა. რუსული ოცნება, მოღალატეობრივი პარტია მეორე მხარეს არის და ბოღმა, ბოროტება, სიძულვილი, დაყოფა მოაქვს, ჩვენ არ გვინდა ეს გაყოფა, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და გვინდა, ყველამ ერთად, მშვიდად, ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა ვიცხოვროთ", - თქვა ხაბეიშვილმა.
***
2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს".
იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.
გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.
დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.