"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. თუმცა საგამოძიებო უწყებას დაკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებია ის დეპუტატები, რომლებმაც ხაბეიშვილს სცემეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.
ხაბეიშვილის თქმით, თავისუფლად არიან ადამიანები, რომლებმაც მასზე იძალადეს.
„საგამოძიებო უწყებაში უკვე მეორედ დამიბარეს. ამასობაში, გამოკითხვაზე არც ერთხელ არ დაუბარებიათ ის ადამიანები, რომელთაც ჯგუფურად იძალადეს ჩემზე. მარტივი რამეა საზოგადოებისთვის, ანრი ოხანაშვილს რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს ანრის გარდა არავის უნახავს, ეს ადამიანი ციხეშია. მეორე შემთხვევაში, როდესაც მისი პოლიტიკური განცხადებების გამო, დაგეგმილად, ტურებივით ეპარებიან და შემდეგ, ფიზიკურად უსწორდებიან, ეს ადამიანები თავისუფლები არიან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო. მას საქმის გამოძიების იმედი არ აქვს.