logo
ENG



ხაბეიშვილი: ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ჭორი მოყვა

06 ნოე 202112:08
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

სახელმწიფოს დამხობასა და ოპოზიციონერის ლიკვიდაციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი "ჭორს" უწოდებს. მისივე თქმით, თუ არსებობდა მსგავსი ინფორმაცია, სუს-ს უნდა გაესაჯაროებინა, ვისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

"ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ჭორი მოგვიყვა. ფაქტობრივად ჭორბიუროს დაემსგავსა სახელმწიფო უსაფროების სამსახური, ჩვენდა სამწუხაროდ. ეს სამსახური რომ არ არსებობს იქიდანაც გაიგო საზოგადოებამ, რომ ტრუსკავეცში ეძებდნენ სააკაშვილს, რომელიც მცხეთაში იყო. ეს რომ ჭორბიურო არ იყოს და მართლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყოს, ამას კი არ იტყოდა, იმოქმედებდა და კონკრეტულ ადამიანს იტყოდა ვის ლიკვიდაციას გეგმავენ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 37-ე დღეა შიმშილობს, ციხიდან ხელისუფლების "ძალადობრივ დამხობას" გეგმავს. უწყებაში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის მითითებით 6 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას გეგმავენ. სუს-ის განცხადებით, ისინი განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.


close დახურვა