ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი უბარიერო პროპორციულის მხარდასაჭერად გამორიცხავს ერთჯერად აქტს მისი პარტიის მხრიდან. ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას ის ეხმაურება ენმ-ს პარტნიორი პარტიის, რესპუბლიკელების ინიციატივას, პარლამენტში ერთჯერადად, კენჭისყრისთვის შესვლაზე.
"ბუნდოვანი მომეჩვენა განცხადება თუმცა ესეც მათი უფლებაა. რას ქვია ერთჯერადად? პარლამენტის ლეგიტიმაციას ვაღიარებთ, ხმას მივცემთ და გამოვალთ? არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხს. უკაცრავად, პოლიტიკოსის სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი.
[ხათუნა] სამნიძის განცხადებას რაც შეეხება, ეს მათი საქმეა, მე არ მინდა, დაიკარგოს მკაფიო ხაზი, რასაც ატარებს მტავარი ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში, ყველაზე ძლიერი და დიდი. ჩვენ არც კი განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების გარეშე რაიმე ერთჯერად ან ორჯერად აქტს", - ამბობს ხაბეიშვილი.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ.
როგორც ის განმარტავს, "ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას, ეს ნიშნავს ხელის მიჭერას იმისთვის, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი".
სამნიძე აქვე ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგული რჩება და კვლავ თანახმაა, მათ მანდატები გაუუქმონ.