ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომას დაესწრო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა უმრავლესობის დეპუტატებს სიტყვით მიმართა და ისინი მის მიმართ დაგეგმილ ანგარისწორებაში დაადანაშაულა.
„ძალადობა კარგი არ არის და მუშტი-კრივით საქმე არ მოგვარდება. მიუხედავად იმისა, რამდენად დაპირისპირებული შეიძლება იყოს ოპოზიციური დეპუტატი მის კოლეგასთან, მერთან თუ ა.შ. რაც შეეხება იმას, რომ ეს ჯგუფურად და დაგეგმილად იყო, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და ეს საზოგადოებამ ნახა. ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღე თქვენს ოთახებს ალაგებენ და უნდობლობას გიცხადებენ უმძიმესი ფაქტია. იმას კი არ უნდა ფიქრობდეთ, ხაბეიშვილი სად რა განცხადებას გააკეთებს, უნდა ფიქრობდეთ თბილისელების ინტერესებზე. ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, მათ შორის იმ კორუფციების შესახებ, რომელიც მგონია, რომ აქ საკრებულოშიცაა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მცირე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ხაბეიშვილმა სხდომა პროტესის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო.
ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით დაიწყო.