ხადის ხეობაში მაგისტრალის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ. საქმე ეხება, მაგისტრალის აშენების საკითხს, რის შემდეგაც ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთის გავლა 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფისა და კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების რისკების გარდა, ახალი გზა რუსული ტექნიკის გადაადგილებას გააადვილებს.
მათივე თქმით, მაგისტრალი, რომელიც 5 გვირაბისა და 6 ხიდის აგებას ითვალისწინებს, ხეობაში ცხოვრებას შეუძლებელს გახდის, გაანადგურებს სახლებს და კულტურულ მემკვიდრეობას.
მაგისტრალის სანაცვლოდ ალტერნატიული გზის მოძებნას ურჩევენ მთავრობას სპეციალისტები.
მათი განცხადებით, პროექტი კვლევების გარეშე დაიწყო, რაც არა მარტო ისტორიულ მემკვიდრეობას, არამედ გარემოსაც დააზიანებს. ასევე ფიქრობენ, რომ ხეობა უინტერესო გახდება იმ ტურისტებისთვის, რომლებიც დღეს იქ ფეხით და ცხენებით მოგზაურობენ.