ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს, ერთადერთი გამოსავალი საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.
როგორც ხაზარაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარდა, ქართული ოცნების მხრიდან ნებისმიერი სხვა მცდელობა უშედეგო იქნება.
"მოცემულობა არის შემდეგი - არჩევნები გაყალბდა, ეს ფაქტია. მოსახლეობის ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიების ხმების იქნა მოპარული, არის შექმნილ პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ, აქედან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები. ნებისმიერი სხვა მცდელობა ოცნების მხრიდან, ცალ-ცალკე გზავნილები სხვადასხვა პარტიასთან, იქნება უშედეგო. ამ ქვეყანას სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, თუ ჩვენ გვინდა, რომ გამოვიდეთ ამ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და პანდემიური კრიზისიდან. მე ვაპირებ ვისაუბრო მოსახლეობასთან გამოსავლის გზების ძიებაზე და არა ყოველდღიურ პიარ კამპანიაზე, რომელსაც გვთავაზობენ ოცნების წარმომადგენლები", - განაცხადა ხაზარაძემ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ. შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდნენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. შეხვედრის შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ თუ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგება.