logo
ENG



ხაზარაძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია

14 მაი 202017:43
3 წუთის საკითხავი
 

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურნენ, სადაც ნათქვამია, რომ ფულის გათეთრების შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული და არავითარ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დევნა იმ მიზეზით წამოიწყო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გაეჩერებინა.

„მგონი არ დარჩა დედამიწის ზურგზე ქვეყანა, ექსპერტი და ადამიანები, რომლებიც არ არიან ინფორმირებული ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ე.წ. საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო ორი წელია მიმდინარეობს ჩვენს წინ პოლიტიკურად მოტივირებულად და დღეს ჩვენ მოვისმინეთ დასკვნა, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ არის მომზადებული, ავსტრალიელი ექსპერტის, რომელიც უკვე 30 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს. ეს უკვე მერამდენე დასკვნაა იმისა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, არამედ არანაირ დანაშაულს არ ჰქონია და ვერც ექნებოდა ადგილი 12 წლის წინანდელ საქმეზე. კიდევ ერთხელ ვაცხადებდით, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი პროკურატურის, მის მიერ დასმული მოსამართლეების და საერთოდ, მართლმსაჯულების გაუკუღმართბული სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენს წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ეს საქმე. ჩვენ ვძლიერდებით, ვიზრდებით და ეს იმის დასტურია, რომ მათ ეშინიათ და სწორედ ამ შედეგს ჩვენ მათ ვაჩვენებთ ოქტომბერში, როცა „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან. ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ბოლო 8 წელიწადია ქვეყანა არის დამუხრუჭებული, საზოგადოება არის პოლარიზებული, მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. „ქართულმა ოცნებამ“ იმასაც მიაღწია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე ხმამაღლა თქვეს ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. სამართალი ნელა მოძრაობს, ურმით მოძრაობსო როგორც ქართული ანდაზები გვეუბნება, მაგრამ სამართალი აუცილებლად იზეიმებს და უკვე იზეიმა. მათ ვერ მოახერხეს ჩვენი დისკრედიტაცია და ვერც მოახერხებდნენ. ეს ყველაფერი იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკუნედ წოდებული პროექტი გაჩერებულიყო, საუბარია ანაკლიის პროექტი და ამის გზად აირჩიეს ჩემი და ბადრი ჯაფარიძის, ერთ-ერთი მთავარი აქტორების დისკრედიტაცია. მე პირობას ვდებ, რომ ოქტომბერში ჩვენ „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ და საუკუნის პროექტს აუცილებლად დავიწყებთ, რასაც ანაკლია და ანაკლიის ქალაქი ჰქვია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება დასრულდეს, რომ ქვეყანამ განვითარება შეძლოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დასრულდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ნორმალური განვითარება. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის ის, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მოვახერხოთ კარგი შედეგების შენარჩუნება მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ პანდემიით სარგებლობს ხელისუფლება და ცდილობს, თავისი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს. ის ცდილობს გააგრძელოს რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ცნობილმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა გააკეთა დასკვნა, სადაც პრაქტიკულად ამხილა ეს ორწლიანი პროცესი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტის გამოყენებით. რაც მთავარია, დღეს ვართ იმ ეტაპზე, როცა უნდა დავიწყოთ ამ მანკიერი სისტემის გასტუმრება და უნდა მივაღწიოთ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს. 


close დახურვა