logo
ENG



ხაზარაძე: მელია მიდის რისკზე, შესაძლოა დაიჭირონ, ამით კიდევ ერთხელ აფრთხილებს საზოგადოებას

13 თებ 202116:26
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: მელია მიდის რისკზე, შესაძლოა დაიჭირონ, ამით კიდევ ერთხელ აფრთხილებს საზოგადოებას

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას გირაოს საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ენმ-ის ლიდერის გადაწყვეტილებას, არ გადაიხადოს ის, პატივს სცემს. 

ზახარაძე მიიჩნევს, რომ ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი მის ხელში, საზოგადოებას აჩვენოს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკურია. 

ეს ადამიანი მიდის რისკზე, შესაძლოა დაიჭირონ და ამით კიდევ ერთხელ აფხიზლებს საზოგადოებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საქმეებია შეკერილი. შესაბამისად, როცა შერიგებაზე ვლაპარაკობთ, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების და პოლიტიკური საქმეების შეწყვეტა, თუ გვინდა რომ განვითარების კალაპოტში ჩაჯდეს ქვეყანა. თუ ეს არ მოხდება, ქვეყანაში გაგრძელდება ადამიანებით/მძევლებით „ვაჭრობა“.- წერს ხაზარაძე.

მისი თქმით, მელიას არჩევანია, დაარღვევს თუ არა კანონს - ეს მისი პროტესტის ფორმაა, ისევე, როგორც ლელოს გადაწყვეტილება, არ შევიდეს პარლამენტში. 

"არა იმიტომ, რომ პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს პატივს არ ვცემ, არა! მე არ მინდა შევიდე გაყალბებულ პარლამენტში, რომ მეც ამ გაყალბების ნაწილი არ გავხდე. ესეც ჩვენი პროტესტის ფორმაა". - ამბობს ის. 

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს. ოპოზიციის ინსტრუმენტი კი სიმტკიცე, მოთმინება და ბოიკოტის იდეის ირგვლივ ერთიანობაა. 

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელია აცხადებდა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა. 

12 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ პროკურატურა პარლამენტს დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს, საკანონმდებლო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. იმავე დღეს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეცვლის შესახებ თანხმობის გაცემისთვის პარლამენტს მიმართა

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა