ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები "უნდა დადგნენ ერთად და ადამიანებს ის ნდობა დაუბრუნონ, რომელიც მათ ქართულმა ოცნებამ წაართვა.
ხაზარაძემ ისიც აღნიშნა, რომ მან ლელო არა პარლამენტში მოსახვედრად, არამედ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დასაწყებად შექმნა.
"ჩვენ ლელო არ შეგვიქმნია იმისათვის, რომ პარლამენტში მოვხვედრილიყავით, პარტია შევქმენით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაიწყოს, ტყუილიდან ამოვიდეს ეს ქვეყანა, გამოვიდეს იმ ორბიტიდან, რომელშიც მიგვაქანებს ქართული ოცნება. ცხოვრებაში თანამდებობისთვის არ მიბრძოლია, ჩემით შევქმენი ჩემი თავი და ასე გავაგრძელებდი, მაგრამ გადავდე ყველაფერი და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ზუსტად ვიცი, რომ ტყუილი არ შერჩება ამ ქვეყანაში არავის.
ადამიანს სულში ხელს რომ უფათურებ და მის არჩევანს თავისუფალ მიმართულებას არ აძლევ, ამ შეურაცხყოფას ქართველი კაცი არ გადაიტანს. მე მათ დავუდგები მხარში, ამისთვის კი ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, ახლა აღარ არის პარტიების გარჩევების დრო, ახლა არის ადამიანების მიმართ ნდობის დაბრუნების დრო. ჩვენ უნდა ავუხსნათ ადამიანებს მეგობრებო, რომ თუ ჩვენ ამას გადავყლაპავთ, თუ ჩვენ ამ შულერებს ამას შევარჩენთ, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის ვერ იქნება კიდევ რამდენიმე ათეული წელი",- განაცხადა ხაზარაძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: ქართული ოცნება - 48,15 %; ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 27,14%; ევროპული საქართველო - 3.78%; ლელო – 3,15%; პატრიოტთა ალიანსი – 3,14%; სტრატეგია აღმაშენებელი –3,15 %; გირჩი – 2,89%; ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1,33%; ლეიბორისტული პარტია – 1%.
ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ელ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი.
ამასთან, ოპოზიციის ლიდერები პარლამენტში შესვლაარშესვლის საკითხსაც განიხილავენ და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.