ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის ნამახვანჰესის პროექტში ჩართულ მხარეებს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხაზარაძე ამბობს, რომ ფრაქციის და პარტია ლელოს პოზიციაა, რომ ჰესი უნდა აშენდეს, თუმცა არა ძალადობის და დაპირისპირების ფონზე. მისივე თქმით, ჰესი უნდა აშენდეს მაშინ, როცა ის ადამიანის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საკითხში ჩართული მხარეები "ოქროს ფორმულაზე" უნდა შეთანხმდნენ.
"ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტის შენობაში. ჩვენი ფრაქცია მათ ვიწვევთ, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალ პროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ სხვა პროექტებს მიეცეთ მწვანე შუქი", -ამბობს ხაზარაძე.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება აუცილებელია და თუ ეს არ მოხდა, საქართველოში ყოველგვარი საინვესტიციო გარემო გაფუჭდება.
"თუ ჩვენ ეს დღეს არ გავაკეთეთ, საბოლოოდ და ქართული ოცნების ხელმძღვანელობით გავაფუჭებთ ყოველგვარ საინვესტიციო გარემოს ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში არავინ შემოვა ინვესტიციისთვის, არც ენერგეტიკაში, არც სხვა პროექტებში. ამიტომ, ჩვენს მოწოდებაა, უახლოეს ხანში დავიბარებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა საერთაშორისო სტანდარტის დონეზე მოხდეს შეთანხმება ამ პროექტის განხორციელების", - განაცხადა ხაზარაძემ.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.
აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.