ლელოს ლიდერ, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერიამ თბილისში იუვენტუსის აკადემიის გახსნის ნებართვა არ მისცა. გიორგი თარგამაძის ფორმულაში ხაზარაძემ განმარტა, რომ საფეხბურთო კლუბმა იუვენტუსმა წალენჯიხაში აკადემია იმ პირობით გახსნა, რომ მეორე აკადემია თბილისში გაიხსნებოდა.
როგორც ხაზარაძემ თქვა, კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თვითონაა, ლისის ტბის მიმდებარედ ფლობს ტერიტორიებს, თუმცა დახრის გამო, სტადიონების აშენება იქ შეუძლებელია. სწორედ ამის გამო, კომპანიამ, იუვენტუსის მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისის მერიას მიმართა.
"ჩვენს კუთვნილ მიწაზე უბრალოდ ტერიტორია არაა სწორი, რომ სტადიონი მოეწყოს, თორემ არანაირი ასეთი წერილით დაპირისპირებულ ხელისუფლებას არ მივმართავდით, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ რახან ფეხბურთელია [კახა კალაძე], ხომ შეიძლება რაღაც იყოს პოლიტიკის გარეთ, რადგანაც ბავშვებს ეხება, მომავალს, თქვა, რომ ხაზარაძესთან დაპირისპირებული ვარ, მაგრამ ამაზე უარს ვერ ვიტყვი... შეიტანა კომპანიამ წერილი, რომელშიც გათვალისწინებულია სტადიონები, სარეაბილიტაციო ცენტრი, ჰოსპიტალი, რომელიც რეგიონში არ არსებობს, სასტუმრო და დიდი სავარჯიშო ცენტრი. ეს არის რამდენიმე ასეულ ბავშვსა და პროფესიულ გუნდებზე გათვლილი საქმე, სადაც იუვენტუსი ჩვენთან ერთად ინვესტიციას დებს. მერიიდან მივიღეთ პირველი სიგნალი, რომ, აუ, რა მაგარი პროექტია. დაახლოებით 2-3 კვირაში, არ მინდა ვიღაც დავაკნინო, მაგრამ ხომ არის მერი, მერის მოადგილე, მოადგილის მოადგილე... ჩავედით, ჩავედით და სადღაც რომელიღაცა განყოფილების უფროსის მოადგილის მოადგილე აგზავნის წერილს, რომ ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ახლა ვსვამ კითხვას, ამ კაცს ფეხბურთი უყვარს? დღეს რაც გააკეთა კომენტარი ქოჩორაშვილზე, ეს ფეხბურთის სიყვარულია?" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.