საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიუღებელია და ქვეყანა ჩიხისკენ მიჰყავთ - ექსპერტები ამერიკელი სენატორების მორიგ გზავნილს ეხმიანებიან და ამბობენ, რომ წერილის შინაარსი უმწვავესია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ სიგნალი საგანგაშოა და ვითარება კიდევ უფრო ართულებს საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებები, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის ფედერაციის წისქვილზე ასხამს წყალს. ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვენ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ეს ცვლილებები სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტები შიშობენ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ქართული დემოკრატიის საკითხიც კი და ქვეყნის წინააღმდეგ ამოქმედდეს სანქციები.
„საქართველოს ხელისუფლების კისერზე ყულფი ყოველდღიურად ვიწროვდება და ამას მოწმობს ამერიკის პოლიტიკური ელიტის განწყობა. განსაკუთრებით ხაზგასმულია რუსეთის მზარდი გავლენა საქართველოზე და საშიშროება იმისა, რომ 2020 წლის არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ, რუსეთმა კიდევ უფრო მძლავრად შეისრუტოს საქართველო. მე მაინტერესებს ვის წერილს ელოდება საქართველოს ხელისუფლება, როდესაც კონგრესისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების ხელმოწერილი წერილები მას უკვე აქვს, სადაც მას კატეგორიულად აფრთხილებენ დაუბრუნდნენ დემოკრატიული თამაშის წესებს,“ - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
ექსპერტ გიორგი რუხაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ამ წერილებს არ მიაქცევს ყურადღებას მაშინ ეს გამოიწვევს საქართველოს დემოკრატიის უკან დახევას, ინვესტიციების შემცირებას და რუსეთის ინტერესების გაძლიერებას.
„აქ ლაპარაკია უკვე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ხარისხზე. აქამდე ქართული ოცნება აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებზე არ აისახება, მაგრამ რეალობა სხვანაირია, თუ ქართული ოცნება არ მიიღებს გზავნილებს და შესაბამისი ქმედებით არ უპასუხებს, რომელიც უკვე არაერთი დღეა და არაერთი კვირაა ამერიკიდან და ევროკავშირიდან მოდის, თუ არ შემოატრიალებს გემს, რომელიც არასწორი მიმართულებით მიჰყავს და ეს ყველაფერი რეალურად იწვევს საქართველოში დემოკრატიის უკან დახევას, იწვევს ინვესტიციების შემცირებას, რუსეთის ინტერესების გაძლიერებას, სხვა შემთხვევაში ეს უკვე ნამდვილად აისახება უკვე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე,“ - განაცხდა გიორგი რუხაძემ.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი უმწვავესი გზავნილი ქვეყნის პრემიერს წერილი ამჯერად ორმა სენატორებმა გამოუგზავნა. წერილში საქართველოს ხელისუფლებას უკვე ნათლად მიუთითებენ, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვა მოუწიოს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მმართველი გუნდი დროულად არ შეასრულებს დაპირებას.
პროპორციული სისტემის ჩაგდება, ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე, ოპოზიციის ლიდერების დევნა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ძირის გამოთხრა დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის - წერილში ყველაფერი ღია ტექსტით, დიპლომატიური ეტიკეტის გარე წერია.