საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა.
საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ხარიშინი ამბობს, რომ როცა ელჩის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება მზადდებოდა, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან, გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა.
მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ორ ქვეყანას შორის ოდესღაც არსებული სამაგალითო ურთიერთობების ჩახშობა სურს.
"მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. უცნაურია და ასეთი რიტორიკა დაემთხვა "პერფორმანსს", რომელიც ანტიუკრაინულმა, პრორუსულმა და იმედი მაქვს, რომ ისინი ანტიქართულიცაა, ძალებმა გამართეს აქ საელჩოს შენობასთან შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს ზოგმა სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა", - აცხადებს ხარიშინი.
მისივე თქმით, უკრაინისთვის საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის იყო, არის და დარჩება ძმურ ხალხად და ქვეყნად, რომელთანაც უკრაინას ძალიან მჭიდრო, თანაბარუფლებიანი და პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ექნება.
"ამიტომაც, ჩვენ, როგორც დიპლომატებს, გვაქვს მოწოდება, ამ სიტუაციაში როგორმე დავეხმაროთ ჩვენს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ვაწარმოოთ ნორმალური დიალოგი. ჩვენს დონეზე, დიპლომატიის დონეზე, ბოლო დროის განმავლობაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩვენს კოლეგებთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე მქონდა ორი შეხვედრა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სხვა ევროპული ქვეყნების დიპლომატებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ის ეძღვნებოდა მთავრობის მოხსენებას მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროკავშირში მიმავალ გზაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ჩემს კოლეგას საქართველოს საელჩოდან უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ასევე ცოტა ხნის წინ მიეცა საშუალება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლეგებთან ჰქონოდა შეხვედრა, სადაც საქართველოსთვის აქტუალური საკითხების წამოჭრისა და მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა", - აცხადებს ხარიშინი.