რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა: „ხარკოვი მტრის დრონების დარტყმის ქვეშაა - ქალაქში გაისმა რამდენიმე აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, სლობოდსკის რაიონში“.
გავრცელებული ცნობით, რეგიონში, სულ მცირე, 13 აფეთქება მოხდა. თავდასხმას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც შენობები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსი, ავტოფარეხები, საოფისე შენობები და სუპერმარკეტი დაზიანდა.
წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა არმიამ თავდასხმისთვის „გერან-2“-ის ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.
