logo
ENG



ხარშილაძე დეგნანზე: იმედია, საქართველოს ხელისუფლებაზე პოზიტიური ზეწოლა მოხდება

30 ოქტ 201921:05
3 წუთის საკითხავი
 
r3r4uvxm4z1lisz.png

საერთაშორისო ურთიერთობისა და უსაფრთხოების ექსპერტები ამერიკის ელჩის კანდიდატად კელი დეგნანის შესაძლო დანიშვნას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ყველა იმ პოზიციაზე, სადაც დეგნანს უმუშავია საქართველოს საკითხი ყოველთვის წინა პლანზე იყო წამოწეული. სპეციალისტების თქმით, ამერიკელების ინტერესი ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს ემთხვევა.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ დეგნანის ყველა სამუშაო ადგილზე საქართველოს თემა წინა პლანზე იყო წამოწეული.

„ქართული ოცნების მთავარი გზავნილი იყო როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა ამერიკასა და რუსეთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ნამსახურევი საქართველოში, ელჩი დეგნანის გზავნილი სხვანაირად იქნა აკინძული. ყველა მის პოზიციაზე საქართველო იყო მთავარი საკითხი. ძირითადად, ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ჩვენი დაპირისპირებით რუსეთთან,“ - განაცხადა ქუთელიამ.

ექსპერტი ნოდარ ხარშლაძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას იმედი ქონდა, რომ უელჩობა ან ახალი ელჩი მათ გადაცდომებს რბილად მოეპყრობოდა.

„ხელისუფლებას იმედი ქონდა, რომ უელჩობა ან ახალი ელჩი მათ გადაცდომებს რბილად მოეპყრობოდა, მაგრამ ამაზე თვალს არავინ დახუჭავს. იმედია, საქართველოს ხელისუფლებაზე პოზიტიური ზეწოლა მოხდება,“ - აცხადებს ხარშილაძე. 

პოლიტიკური პლულარიზმი, მედიაპლურალიზმი, სამართლიანი არჩევნები - ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისთვის არის იმის მანიშნებელი, რომ ელჩობის კანდიდატმა ზუსტად იცის რა გამოწვევებია საქართველოში და ერთგვარ მინიშნებად მიიჩნევენ, რომ მომავალი არჩევნები აუცილებლად დემოკრატიულად გარემოში ჩატარდეს.

მრავალფეროვანი მედია, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები - ეს ის გამოწვევებია, რომელსაც საქართველოში უკვე ხედავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატი. დონალდ ტრამპის მიერ დასახელებული კელი დეგნანი პირველად წარდგა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და სენატორთა შეკითხვებსაც უპასუხა. დიპლომატმა საკუთარ გამოსვლაში რუსულ აგრესიასა და უკანონო ბორდერიზაციის პროცესზეც ილაპარაკა. გამოცდილი დიპლომატი სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში პირველი ქალი გახდება, რომელიც საქართველოში აშშ-ს დიპლომატიურ მისიას ჩაუდგება სათავეში.

 


close დახურვა