საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციები, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით იდენტურია. ოპოზიციას მიაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ვინაიდან ხელისუფლებას ამ დრომდე არ გააჩნია ანტიკრიზისული გეგმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ძალიან მალე სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგება.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ იმასაც, რომ გუშინ გამართული საგანგებო სხდომის დროს, არსებულ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს, პასუხისმგებელი პირები საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ არ გამოცხადდნენ და ხელისუფლება კომფორტულად გრძნობს თავს არსებულ მდგომარეობაში, ვინაიდან საზოგადოებრივი კონტროლი არ არსებობს, შეწყვეტილია პოლიტიკური აქტივობა, თავად ქართული ოცნება კი ფაქტიურად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს.
„მოითხოვეს გაგრძელება ახალი ვადის და ამასთანავე ძალაში ტოვებენ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის უაზრო და არ ემსახურება საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მათ პასუხიც კი არ უნდათ გასცენ ამ თემებთან დაკავშირებით საზოგადოებას. ამიტომ ჩვენ ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე“, - განაცხადა ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებას მოსახლეობის არსებული მდგომარეობა არ აწუხებს. მისი განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიზეზი გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ოპოზიციას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა.
„ის, რომ ხელისუფლება არ იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ხვალინდელ დღეზე გახდა იმის მიზეზი, რომ არ დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. ფაქტია, რომ ხელისუფლებას არ ადარდებს მოსახლეობის კეთილდღეობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაახანგრძლივა. "ქართულ ოცნებას" მოსახლეობისთვის ანტიკრიზისული გეგმა არ წარუდგენია. მმართველი გუნდი გეგმას სავარაუდოდ ხვალ გაასაჯაროებს.