logo
ENG



ხატია დეკანოიძეს მასზე თავდასხმის საქმეზე გამოკითხავენ

25 ივლ 202117:17
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე გუშინ მომხდარ შემთხვევას ეხება, როდესაც ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მას უცნობი ადამიანი თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

როგორც განყოფილებაში შესვლამდე დეკანოიძემ ფორმულას უთხრა, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს და უწყებას ყველა ინფორმაციას მიაწოდებს.

"კითხვები უნდა დასვან, რომ გაირკვეს საქმის ვითარება. როგორც ვიცი, იდენტიფიცირებული ჰყავთ პირი, მაგრამ მანამდე ეს უკვე მედიამ გააკეთა. მე ვითანამშრომლებ პოლიციასთან და ყველა ინფორმაციას გადავცემ მათ, მათ შორის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის შემცველ გზავნილებს ამ ადამიანების მიერ. მე არ ვარ მაღალი წარმოდგენის სამართალდამცავ სისტემაზე იმიტომ, რომ პოლიტიკურია ეს ყველაფერი", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

გუშინ, 24 ივლისს, ხატია დეკანოიძეს უცნობი პირი საკუთარ სახლთან დაესხა თავს მაშინ, როცა ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა. პირი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიტიკოსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

თავდამსხმელის წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 


close დახურვა