logo
ENG



ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: გათიშულ მდგომარეობაში იყო, გონზე მოსაყვანად დრო დამჭირდა

13 დეკ 202214:58
3 წუთის საკითხავი
 
ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: გათიშულ მდგომარეობაში იყო, გონზე მოსაყვანად დრო დამჭირდა

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კლინიკაში მისვლისას მიხეილ სააკაშვილი "ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში" დახვდა.

როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, ყოფილ პრეზიდენტს საუბარი უჭირდა და ლაპარაკისას რამდენჯერმე გაითიშა კიდეც.

"ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, საუბარი უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს, გონების კარგვის მსგავსი მომენტი იყო"- თქვა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელონ, ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს პროცესზე დასწრების სურვილი აქვს.

"თქვა, რომ სურვილი აქვს, ჩაერთოს, დაინტერესდა მოვლენ თუ არა, როგორ იქნება ტექნიკურად. ავუხსენი, სავარაუდოდ როგორ იქნება ტექნიკურად. თქვა, რომ შეეცდება რაღაც თქვას. თუ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, მაგრამ ჩართვით ჩაერთვება"- თქვა ხაჭაპურიძემ.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. ამასთან, 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.


close დახურვა